ილია დარჩიაშვილი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგს და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული კავშირები და პოლონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა როგორც ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიების დე-ოკუპაციის საკითხზე  საერთაშორისო და ორმხრივ ფორმატებში. 

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას და ამისათვის თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და აღნიშნულის ფონზე პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.