ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილისა და ტობიას ბილსტრომის შეხვედრა ქ. ლოძში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობა და მაღალი შეფასება მისცეს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა შვედეთთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.

შეხვედრაზე მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. ხაზი გაესვა კომისიის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსსაც. მინისტრმა  კოლეგას ნატო-ს წევრობის კანდიდატობა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი ალიანსს ახლო მომავალში შეუერთდება.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და შვედეთის ურთიერთობას მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, შვედეთის მხარდაჭერას ეუთო-ს ფარგლებში.