ილია დარჩიაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაეროს  უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. 

მინისტრის განცხადება  ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  გამოქვეყნდა.

„მადლიერებას გამოვხატავ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების - საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ალბანეთის, ასევე იაპონიისა და მალტის (საბჭოს მომავალი წევრების რანგში)  მიმართ,  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის განხილვის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-14 წლისთავს ეძღვნება. ასეთი განცხადებების მეშვეობით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს“ - ნათქვამია მინისტრის ტვიტერის გვერდზე. 

15 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე  2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. სხდომის დასრულების შემდეგ კი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი 6 სახელმწიფოს –   საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ალბანეთის და საბჭოს მომავალი წევრების, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლები მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ.