ილია დარჩიაშვილსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

2022 წლის 28 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი სატელეფონო საუბარი გამართა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ევა-მარია ლიიმეტსთან.
ესტონელმა მინისტრმა მიულოცა ქართველ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 
მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობები და პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობაზე წარდგენილ განაცხადზე, აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კითხვარის შევსების კოორდინაციაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციის პროცესში პარტნიორთა მტკიცე თანადგომის მნიშვნელობას, ასევე ხაზგასმით აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელობას. ევა-მარია ლიიმეტსმა დაადასტურა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა.
 
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად შექმნილი გარემო და  გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებასა და საერთაშორისო ძალისხმევაში ჩართულობასთან დაკავშირებით.
 
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელებისა და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განსახორციელებლად.