ინდოეთში საქართველოს საელჩოსა და ქალაქ მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს ინიციატივით საქართველოში საქველმოქმედო აქციები განხორციელდება

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 2020 წლის 25 მაისიდან საქართველოში დაიწყო საქველმოქმედო აქციების განხორციელება.

აქცია მიზნად ისახავს საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რაიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ხანდაზმულების, მიუსაფარ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, ასევე მარტოხელა მრავალშვილიანი დედებისათვის დახმარების სახით, საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების გადაცემას.

საქველმოქმედო აქციის პირველ დღეს, 2020 წლის 25 მაისს, ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის ჩართულობით, დახმარება გაეწიათ ქალაქ თბილისის სამგორის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც გადაეცათ სასურსათო ნობათები. 

საქველმოქმედო აქციის მეორე დღეს, 2020 წლის 26 მაისს, დახმარება გაეწია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორ პანსიონატს - „თაობათა კერა“-ს. აქციას ასევე შეუერთდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა პალატისა და ინდური კულტურის ცენტრი „ლაქშმი“-ს წარმომადგენლები. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, პანსიონატების მცხოვრებლებს გადაეცათ სასურსათო კალათები და მათთვის სასიამოვნო განწყობის შექმნის მიზნით, ცენტრი „ლაქშმი“-ს მიერ შესრულდა სხვადასხვა საცეკვაო ნომრები.

ინდოეთში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის  საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა პალატის დამფუძნებელს ბატონ დავით ბეჟიტაშვილს, აღნიშნული საქველმოქმედო აქციის ხელშეწყობისა და მისი წარმატებით განხორციელების საქმეში გაწეული დახმარებისათვის.

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს ინიციატივითა და ორგანიზებით მოწყობილი აღნიშნული საქველმოქმედო აქცია გრძელდება და დასრულდება 2020 წლის 1 ივნისს.