ინფორმაცია ეუთოს მინისტერიალის მოსამზადებელი შეხვედრის შესახებ

2020 წლის 23 ნოემბერს ეუთოს ალბანეთის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გაიმართა ეუთო-ს მინისტერიალის მოსამზადებელი შეხვედრა (Reinforced Meeting),რომელიც წარმოადგენს პლატფორმას ეუთოს მონაწილე სახელმწიფოთა დელეგაციების მიერ მინისტერიალის წინ პოზიციების გასაზიარებლად. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ცისკარაშვილმა და ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა. 

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ქართული მხარის მიდგომები დღის წესრიგში ასახული დოკუმენტების პროექტებთან და სხვა ინიციატივებთან დაკავშირებით.

ეუთოს რეგიონში არსებულ  კონფლიქტებზე საუბრისას, ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და მიმდინარე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე. ქართულმა მხარემ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოსა და უკრაინის რეგიონებში მიმდინარე აგრესიული და უკანონო ქმედებები და ხაზი გაუსვა, 3-4 დეკემბერს ტირანაში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალის დეკლარაციაში, სხვა გამოწვევებთან ერთად, ზემოხსენებული საკითხების ასახვის მნიშვნელობას.