ინფორმაცია ევროპის საბჭოს 130-ე მინისტერიალის შესახებ

4 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა ევროპის საბჭოს 130-ე მინისტერიალი. კოვიდ-19 პანდემიის გათვალისწინებით, მინისტერიალი ჩატარდა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. მინისტერიალს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მინისტერიალს ასევე ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. 

მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა, მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დაცვის საკითხების განხილვა. მინისტერიალზე ასევე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წლიური ანგარიში - „მულტილატერალიზმი 2020“, ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან და კოვიდ-19 პანდემიასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა საბერძნეთის თავმჯდომარეობის დეკლარაცია, რომელიც ეხება არსებულ კრიზისთან გამკლავების გზების მნიშვნელობას,  ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სრული დაცვით.  

ამასთანავე, მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ–ერთ საკითხს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს როლი ევროპაში არსებულ კრიზისებთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით. 
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების შესახებ, რომლებიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. ასევე, მინისტერიალის დღის წესრიგში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მიხედვით რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, როგორც ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიური კრიზისის კონტექსტში. მინისტრმა ხაზი გაუსვა კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დაცვის სფეროში. 

ამასთანავე, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, მინისტრთა კომიტეტში საქართველოს პირველმა თავმჯდომარეობამ წარმატებით შეძლო პრიორიტეტების განხორციელება და საამაყოა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის საბჭოს საქმიანობაში.
სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მინისტრის განცხადებით, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის შემთხვევების მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა კიდევ უფრო ახალისებს დაუსჯელობას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საოკუპაციო ხაზის უკანონო დაკეტვისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შედეგად გაზრდილია დაღუპულთა რიცხვი.
დავით ზალკალიანმა გამოყო ევროპის საბჭოს აქტიური როლი ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ კუთხით, ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშებისა და მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. ამასთანავე, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში.

სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაესვა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებსა  და დეზინფორმაციის კამპანიას, რასაც რუსეთი ავრცელებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ წელს აღინიშნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 70 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით, თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კონვენცია არის მთავარი საყრდენი ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებაში.