ინფორმაცია ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შესახებ

13.07.2018 ქ. თბილისი - 2018 წლის 11-12  ივლისს  ქ. ბრიუსელში გაიმართა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი. სამიტის ფარგლებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მეთაურების  დონეზე მოკავშირეთა შეხვედრაში საქართველოსა და უკრაინასთან.

ნატო-ს სამიტის ფარგლებში ამ ფორმატისა და შინაარსის შეხვედრის გამართვა წარმოადგენს ალიანსის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის  უპრეცედენტო გზავნილს და ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოსა და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობას. 
 
 
აღსანიშნავია რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს სამიტზე გაიმართა  შეხვედრა უმაღლეს დონეზე, უშუალოდ საქართველოს თემატიკაზე, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა განეხილა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის დინამიკა და გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები; თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის ყველა  ასპექტი.  განსაკუთრებით აღსანიშნავია სამიტზე, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მიღებული ნატო-საქართველოს დეკლარაცია, რაც ასევე წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობაში.
 
დეკლარაცია მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. მათ შორის დეკლარაციაში საუბარია საქართველო-ნატოს პრაქტიკული თანამშრომლობის ახალ მიმართულებაზე, რაც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.
ხაზგასმით აღნიშნულია საქართველოს წვლილი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ ერთობლივ ქმედებებში და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. კონკრეტულად შეთანხმდა, რომ გააქტიურდება ურთიერთქმედება საქართველოსა და შავ ზღვაზე მოქმედ ნატო-ს საზღვაო დაჯგუფებას შორის. გაიზრდება აღნიშნული დაჯგუფების აქტივობა საქართველოს   ტერიტორიულ წყლებში  და პორტებში. ნატო დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს შავ ზღვაზე საჰაერო და საზღვაო სივრცის მონიტორინგში. ასევე, მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომ საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფები მომზადდება ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, სამომავლოდ ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
 
მნიშვნელოვანია ასევე, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა - კონტრ-მობილურობის და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერ-თავდაცვის საშუალებების ჩამოყალიბება და დახურული კომუნიკაციის საშუალებების განვითარება. ასევე შეთანხმდა, რომ 2019 წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებში წევრი ქვეყნები მაქსიმალურად ჩაერთვებიან.
 
 
დეკლარაცია მოიცავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს და ხაზს უსვამს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანია რომ ალიანსის მხრიდან აღიარებულია, რომ საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორცილებული რეფორმები არის შედეგიანი და აახლოებს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებასთან.
 
 
დეკლარაცია ასევე მკაფიოდ გამოხატავს ნატო-ს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ალიანსი გმობს უკანასკნელ პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღევევის ფაქტებს, მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე მოუწოდებს რუსეთს ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედებას. ამასთან, ალიანსის წევრი ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
 
აღსანიშნავია, რომ როგორც სამიტის დასკვნით დოკუმენტში, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივ დეკლარაციაში  ალიანსის მხრიდან გამოხატულია საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში.  დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, ალიანსში გასაწევრიანებლად. ესენია - ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (NGC, ANP and SNGP).  რაც შეეხება გაწევრიანების  სამოქმედო გეგმა/MAP-ს, ყველა თანხმდება, რომ იგი იქცა ალიანსში საქართველოს მიწვევასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.
 
 
მოკავშირეთა მიერ ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს თავდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმები და ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული ის მნიშვნელოვანი წვლილი, რაც საქართველოს  შეაქვს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში, კერძოდ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში.
 
საქართველო იზიარებს ალიანსის შეფასებას, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს და დიდი პროგრესი იქნა მიღწეული პაკეტის პროექტების განხორცილების კუთხით.  ალიანსი მესალმება აღნიშნულ ფაქტს და იმას, რომ პაკეტის განხორცილებამ მნიშვნელოვანად შეუწყო ხელი ნატოსა და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუტებს შორის  ურთიერთობების გაღრმავებას.  სამიტზე აღნიშნა "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში" საქართველოს მონაწილეობა.
 
ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ასევე მონაწილეობა მიიღო “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შეხვედრაში სახელმწიფო მეთაურების დონეზე, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნულ ოპერაციაში. ქართულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო ასევე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის შეხვედრაში და სამიტის ფარგლებში გამართულ სიმპოზიუმში.