იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან სამშობლოში 48 თანამემამულე დაბრუნდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, გუშინ შესრულდა ჩარტერული რეისი რიადი-ამანი-თბილისის მიმართულებით, რომლის მეშვეობით სამშობლოს დაუბრუნდა 48 საქართველოს მოქალაქე. 

მგზავრთა შორის იყვნენ ქართველი სტუდენტები და მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყნების დატოვებას. აღსანიშნავია, რომ შექმნილი სიტუაციის შედეგად, სამშობლოში მათი დაბრუნების ხანგრძლივი შეყოვნების პერიოდის განმავლობაში საელჩო მათ აწვდიდა საკვებს, წყალს და პირველადი მოხმარების სანიტარულ საშუალებებს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან, ათენიდან და ა.შ. 

7 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,215 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9,815 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

9 მაისს საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია ფრენის განხორციელება ბერლინი-თბილისის მიმართულებით.