იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევის პრეზენტაცია

2020 წლის 8 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს FB გვერდზე, პირდაპირი ჩართვის ფორმატში გაიმართა „იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევის“ პრეზენტაცია.

გზამკვლევი პრაქტიკული სახელმძღვანელოა იტალიაში მცხოვრები ქართველი მიგრანტებისთვის და მოიცავს დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის ვიზა, ბინადრობის ნებართვა და მისი მოპოვება, სოციალური დაცვა, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანდაცვა და ა.შ.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის,  იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლები.

პრეზენტაციის დასასრულს, მიგრაციის და ბინადრობის საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა იტალიის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელმა.

„იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი“ შემუშავებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENIGMMA 2 პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ICMPD.“