ჯანელიძე - ოპოზიციას რეალური დებატის სურვილი არ აქვს და უნიჭოდ სპექტაკლებს დგამს

21.10.2017 - „ეს იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, არ იყო მზაობა პასუხების მოსმენის, კითხები იყო არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური. ყველას არ მოეთხოვება იცოდეს დეტალები საერთაშორისო ინსტიტუტების და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, მაგრამ  იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას ახორციელებდნენ, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ის კითხები, რომლებიც დასვეს საკომიტეტო მოსმენების და შეხვედრების ფორმატში იყო უადგილო, არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური"- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საგარო პოლიტიკის საკითხებზე გამოხატულ კრიტიკას უპასუხა.

მან ასევე აბსურდული უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში არგამოცხადებასთან დაკავშირებით "არასწორია ბრალდება, რომ თითქოს მე არ მივდივარ პარლამენტში და არ ვესწრები დებატებს, მე წელს ორჯერ ვიყავი პარლამენტში მოხსენებით, სადაც ვისაუბრე შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე, და წელს უკვე მესამედ ვარ აქ, სადაც კითხვა პასუხის რეჟიმში მიწევს ინფორმაციის მიწოდება დეპუტატებისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  გუშინ იყო მხოლოდ კითხები და პასუხების მოსმენის არანაირი სურვილი არ გამოხატულა ამ პარტიის მხრიდან. მე მინდა განვაცხადო, სანამ არ იქნება მათი მხრიდან სურვილი იყოს რეალური დებატი, რეალური კითხვა-პასუხის რეჟიმი და არა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები, ასეთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს არანაირი აზრი არ ექნება. მოსახლეობას უნდა ვცეთ პატივი, უნდა ვიდებატოთ, მივაწოდოთ ინფორმაცია. შესაბამისად  მათი მხრიდან კითხვის დასმის დროს პასუხის გაცემის საშუალებაც უნდა გვქონდეს და იმედია ეს მომავალში ასე იქნება"- განაცხადა ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძე ასევე გამოეხმაურა გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს და განაცხადა "ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და პროვოკატორების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იყოს".