ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

27.02.2020 შვეიცარია - ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის წინმსწრებად გაიმართა.

ვიქტორ დოლიძემ მოწვეულ სტუმრებს აღნიშნული სესიის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტებზე ესაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან” მნიშვნელობაზე. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების შემაშფოთებელ ტენდენციაზე.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაცია, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ელჩს აღნიშნულ ფორმატში შეხვედრის ორგანიზებისთვის და განაცხადეს, რომ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პირველია, რომელმაც ამგვარი შეხვედრა მოაწყო. მათ ასევე ისაუბრეს მათი ორგანიზაციების პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.