ხათუნა თოთლაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

2022 წლის 29 ნოემბერს  ქ. პრაღაში  გაიმართა შეხვედრა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხათუნა თოთლაძესა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მარტინ სმოლეკს შორის. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე; განიხილეს  საკონსულო, განათლების, კულტურისა და სხვა საკითხები. ამასთან, დადებითად შეფასდა აღნიშნული მიმართულებებით არსებული დინამიკა. აგრეთვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტებისათვის სასწავლო ვიზის გაცემის პროცესის ხელშეწყობა.   

შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ლეგალური მიგრაციის კუთხითაც. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისათვის სამუშაო კვოტების რაოდენობის გაზრდისთვის.  

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდგომშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას აღნიშნული მიმართულებით.