ხათუნა თოთლაძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიგრაციის ქსელის ონლაინ-პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

2020 წლის 30 ივნისს გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიგრაციის ქსელის ონლაინ-პრეზენტაცია. პროექტის ინიციატორია გაეროს მისია საქართველოში და მისი მიზანია მიგრაციის მენეჯმენტთან დაკავშირებით დროული, კოორდინირებული და ეფექტური მოქმედებების მხარდაჭერა გაეროს სისტემის მიერ.

გაეროს მიგრაციის ქსელი ხელს შეუწყობს მიგრაციის დინამიკის უკეთ შესწავლასა და ინფორმაციის გაცვლას, საქართველოს სამთავრობო უწყებებსა და გაეროს სისტემის სააგენტოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით. ქსელი იმუშავებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან, საქართველოს შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო სამთავრობათშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მიგრაციის პოლიტიკის დახვეწისა და მიგრანტთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით.

გაეროს მიგრაციის ქსელის პრეზენტაციაზე, გაეროს საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან,  საბინ მაკლთან და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძვანელთან,  სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვის მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადილემ,  ხათუნა თოთლაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა.

თავის გამოსვლაში ხათუნა თოთლაძემ ხაზი გაუსვა ერთიანი საერთაშორისო პლატფორმის არსებობის მნიშვნელობას, რომელიც წვლილს შეიტანს მიგრაციის მართვისადმი კომპლექსური მიდგომის განხორციელებაში და გამოხატა აქტიური თანამშრომლობისათვის მზაობა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან.

საკუთარ მისასალმებელ სიტყვაში ხათუნა თოთლაძემ, აგრეთვე, ისაუბრა ინიციატივაზე, რომელიც ეხება 2021 წლის აპრილ-მაისში თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის შემდგომაც უნდა ჩამოყალიბდეს თბილისის დეკლარაცია. დოკუმენტის მიზანი იქნება საერთაშორისო რეგულაციური ჩარჩოს შექმნა, კრიზისის დროს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების დაცვის სფეროში.  ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს მიგრაციის ქსელი მნიშვნელოვან პარტნიორად ესახება ინიციატივის განხორციელების გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ დაინტერესება ქსელის მხრიდანაც იქნება.

დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა გაეროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიებს საქართველოში და წარმატება უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.