ხათუნა თოთლაძემ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ანაგრიშის პროექტი წარადგინა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების პროექტი წარადგინა.
 
აღნიშნული ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარედგინა პარლამეტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომლის თანახმადაც, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში სახელმწიფო ანგარიშების წარდგენამდე, მის პროექტს განიხილავს პარლამენტი.
 
მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ანგარიშების მომზადების პროცესში და კომიტეტების წევრებს გააცნო კონვენციით გათვალისწინებული დისკრიმინაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით განხორციელებული ინსტიტუციონალური, საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რაც მასში აისახა. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე, კერძოდ კი, ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით მიმდინარე დისკრიმინაციაზე, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. საკომიტეტო მოსმენას ასევე ესწრებოდა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ანგარიშის პროექტის მომზადებაში.
 
ანგარიშის წარდგენის შემდგომ კომიტეტის წევრებმა დასვეს კონკრეტული შეკითხვები, რომელთაც პასუხი გასცეს მინისტრის მოადგილემ და  შესაბამისი, კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.
 
დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ ანგარიშის პროექტში აისახება პარლამენტის კომენტარები, რის შემდეგაც დოკუმენტი მიეწოდება გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს შესაბამის ვადაში.