ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურ მდივანთან

15.12.2017 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩთან, აზერბაიჯანის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურ მდივანთან ელნურ სულთანოვთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, UNESCO-ს ფორმატში არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე და განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

ელნურ სულთანოვი საქართველოს საერთაშორისო კონფერენცია „საერთო მემკვიდრეობა კულტურული დიალოგისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში ეწვია, რომელიც 14-16 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა და საქართველოში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანსა და საქართველოში- შვაბი გერმანელების დასახლების საიუბილეო თარიღი, UNESCO–ს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიის გადაწყვეტილებით, შევიდა იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში, რომლებიც აღინიშნება UNESCO–ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით, რაც თავის მხრივ ამ მოვლენას საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, ექსპერტებმა აზერბაიჯანიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებმაც იმსჯელეს კავკასიაში გერმანული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე  კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების კონტექსტში.