კორეაში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

24.01.2020 კორეა - საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმასპინძლა. შეკრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და დიასპორასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების ხედვების თაობაზე ინფორმაციის გაცნობა.

შეხვედრის დასაწყისში მოეწყო პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც წარდგენილ იქნა ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ვებ-პორტალი – gda.ge, განხილულ იქნა ვებ-პორტალის სტრუქტურა, მიზნები და შესაძლებლობები. მოწვეულ მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ცალკეული სამთავრობო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ.
ამასთან, შეხვედრაზე განხილული იქნა 2020 წლისათვის საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და პროექტები, საუბარი შეეხო მათი განხორციელების პროცესში საქართველოს მოქალაქეების თანამონაწილეობისა და ჩართულობის საკითხებს. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წელს კორეის ცალკეულ ფონდებთან და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან დაგეგმილი გასატარებელი სამუშაოების შესახებ, რომლის მიზანსაც საქართველოს მოქალაქეებისათვის კორეის უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე წლისათვის სტიპენდიებისა და სხვა სახის დაფინანსების მოპოვება წარმოადგენს.