კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საზღვრის კვეთისას არსებული შეზღუდვები 2020 წლის 14 მარტის მდგომარეობით

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის  (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:

ეს ქვეყნებია ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული მაღალი რისკის სახელმწიფოები: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და დამატებით ის ოთხი ქვეყანა, სადაც მაღალია და სწრაფად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები - ესპანეთის სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, დანიის სამეფო.

საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს:

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის არსებობის პირობებში, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში და ასევე იმ ქვეყნებში სადაც იზრდება დაინფიცირების შემთხვევები.

ამასთან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იტალიის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიის რესპუბლიკაში და საფრანგეთის რესპუბლიკაში, შვეიცარიის კონფედერაციაში, ნორვეგიის სამეფოში, დანიის სამეფოში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებისას ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიურ შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, იტალია, ირანი და ის ქვეყნები, სადაც მზარდია დაინფიცირების დინამიკა - საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, შვეიცარია, ნორვეგია, დანია) გავლით:

ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ან

უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა, რომელიც გაცემული უნდა იყოს საზღვრის კვეთამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

გარდა ამისა, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებით, 2020 წლის 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერებულია და უზრუნველყოფილი იქნება სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელი შესვლა. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.