ლაშა დარსალია „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

29 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სიტყვით წარსდგა მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - „დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფა ტექნოლოგიის საშუალებით“, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრის მოადგილემ წარადგინა კოალიციის ახალი სამუშაო ჯგუფი - „დემოკრატია და ტექნოლოგიები“, რომლის თავმჯდომარეც, თანამეგობრობის გენერალური მდივნისა და კოალიციის მმართველი საბჭოს მხარდაჭერით, 2020 წლის სექტემბერში გახდა საქართველო.

ლაშა დარსალიამ გამოსვლისას მიმოიხილა სამუშაო ჯგუფის მანდატი. აღინიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს თანამშრომლობის განვითარების პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას ეფექტიანი და ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად.
ხაზი გაესვა, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერ-უსაფრთხოების საკითხს, რომელიც წარმოადგენს ციფრული ტექნოლოგიების დაცვისა და დემოკრატიული ელექტრონული მმართველობის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას.

საუბარი ასევე შეეხო სამუშაო ჯგუფის ამოცანებს, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიების განვითარების გზით დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობას. აღინიშნა, რომ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევა წარმოადგენს 2030 დღის წესრიგის შესრულების გარანტს, რაც შეუძლებელია ინტეგრირებული საზოგადოებების და გამჭვირვალე და ძლიერი ინსტიტუტების გარეშე.
გამოსვლისას ხაზი გაესვა სამუშაო ჯგუფის პლატფორმაში სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტექნოლოგიის სფეროში მოქმედი კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას.

ასევე, აღინიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა წარმატებული გამოცდილების გაზიარებას, რაც მნიშვნელოვანია საჯარო ინსტიტუტების ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად და არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა გააგრძელებს ფუნდამენტური მიზნების წახალისებას, მათ შორის მდგრადი განვითარების, უსაფრთხოებისა და სოციალური სამართლიანობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობას.

საქართველო აღნიშნული ჯგუფის თავმჯდომარე  შემდგომი ერთი წლის განმავლობაში იქნება.