ლაშა დარსალია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელ მისიას შეხვდა

2020 წლის 4 აგვისტოს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელ მისიასთან (OSCE/ODIHR NAM).
 
აღსანიშნავია, რომ მისია ვიზიტით იმყოფება საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ქართული მხარის მოწვევის საფუძველზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში ქართული მხარის მიერ მიღებულ ცვლილებებს, რაც იქნება გარანტი საქართველოში კიდევ უფრო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისთვის. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საარჩევნო სისტემაში განხორციელებულ, ისტორიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რითაც საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება საპარლამენტო პლურალიზმი.
 
აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემფასებელი მისია ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის სხვადასხვა უწყების მაღალი დონის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასრულების შემდეგ მისიის მიერ მომზადდება ანგარიში.