ლაშა დარსალია: მოვუწოდებ ყველას და მათ შორის სომხურ მხარეს, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში შეაქვთ იარაღი, არის დეზინფორმაცია და სიცრუე.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე.
 
„ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია არის ცალსახა, რაც გაჟღერდა კიდეც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე. საქართველო შეაჩერებს ნებართვების გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე ორივე ქვეყნის მიერ, ამასთან ეს ცალსახად არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს და ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, როგორც მესამე ქვეყნების მიმართ, ასევე ჩვენი მეზობლების მიმართ. მიუხედვად ამისა, ჩვენ ვაკვირდებით, რომ სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია და ფეიქნიუსები, თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა. სულ ახლახანს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანში მოხდა იარაღის შეტანა საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც არის ცალსახად დეზინფორმაცია და ფეიქნიუსები.“ -განაცხადა ლაშა დარსალიამ.
 
მინისტრის მოადგილემ მოუწოდა ყველას და მათ შორის სომხურ მხარეს, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციებს.

„მინდა მოვუწოდო სომხურ მხარეს, მთელ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას. საქართველო თავის მხრივ გააგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას და ამასთან მინდა მივმართო ყველას, რომ სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ”.-განაცხადა ლაშა დარსალიამ.