ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

2020 წლის 18-19 ნოემბერს გაიმართა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისის მიერ ორგანიზებული, სამხრეთ კავკასიის ყოველწლიური, რიგით მე-17 მედიაკონფერენცია, რომელსაც ტრადიციულად საქართველო მასპინძლობს. კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით, წელს ღონისძიება გაიმართა ონლაინრეჟიმში. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.
 
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გამოხატვის თავისუფლების, მედიათავისუფლების, მედიაპლურალიზმისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ორგანიზაციების წინააღმდეგ გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევაზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარებულმა გამოძიებამ, გამოავლინა, რომ ეს კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის მიერ იქნა დაგეგმილი და განხორციელებული.
 
ლაშა დარსალიამ ასევე ისაუბრა საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიის პირობებში მედიის თავისუფლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე არსებული გამოწვევების დასაძლევად, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებზე. აქვე ხაზი გაესვა, ორგანიზაცია „Freedom House“-ის ანგარიშის - ”ინტერნეტის თავისუფლება (2020წ.)“ თანახმად, საქართველოს ადგილს თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შერჩეული ქვეყნების მსოფლიო ათეულში.
 
სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა.