ლაშა დარსალია საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

2020 წლის 14 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან, საბინე მახლთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაერო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები კორონავირუსის (Covid-19) ინფექციის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პანდემიის პირობებში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში უკიდურესად გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. ლაშა დარსალიამ აქცენტი გააკეთა რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების პროცესზე, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე, თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვის ფაქტებზე, რაც მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივ მოსახლეობას.
 
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო ნიქოზისა და ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
 
ლაშა დარსალიამ  ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, გაერო-ს ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში. მან მადლობა გადაუხადა გაერო-ს რეზიდენტ კოორდინატორს გაწეული ძალისხმევისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერო-ს საქმიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა.