ლაშა დარსალიამ ონლაინ შეხვედრა გამართა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან

2020 წლის 7 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (სამინსიტრო) სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან, კრისტინა მარტი ლანგთან.

მინისტრის მოადგილემ შვეიცარელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე გლობალური პანდემიის პირობებში. მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების  ფონზე რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკასა და მიზანმიმართულ დეზიფორმაციაზე საქართველოს წინააღმდეგ. ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის  მიმდინარე კონსულტაციებს, რომლის ფარგლებშიც განიხილება  „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“  საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის პრობლემატიკა. მხარეებმა მიმოიხილეს სამომავლო გეგმები და არსებული საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობები.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესების წარდგენისა და ამ კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის.