ლაშა დარსალიამ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2020 წლის 30 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან. 

კრისტიან ურსე ხუთწლიანი საქმიანობის შემდეგ ასრულებს მის მისიას საქართველოში.   ლაშა დარსალიამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და მრავალ სხვა სფეროში ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან როლს და მადლობა გადაუხადა კრისტიან ურსეს საქართველოში მისი მოღვაწეობისას არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. 

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა კრისტიან ურსესა და მისი ოფისის მნიშვნელოვან ღვაწლს საქართველოში ევროპის საბჭოს წარმატებულ საქმიანობაში, მრავალი მიმართულებით.  ურსემ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მისი საქართველოში მუშაობისას არსებული შესანიშნავი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარების პროცესში საქართველოს მიღწევებსა და ამ პროცესში მის პირად ჩართულობას. კრისტიან ურსემ ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობაზე, რაც მისი სიტყვებით განსაკუთრებით დასაფასებელია კოვიდის პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების ფონზე.  კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს სახელით, მაღალი შეფასება მისცა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, მათ შორის, განსაკუთრებით, თავმჯდომარეობისას საქართველოს მიერ წამოწეულ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხზე - გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები - მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევის გათვალისწინებით. ხაზი გაესვა, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში მნიშვნელოვანი საფუძველი შეიქმნა ამ და სხვა საკითხებზე შემდგომი წინსვლის უზრუნველსაყოფად. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე პროვოკაციულ ნაბიჯებს, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან რუსეთის მიერ მიმდინარე მავთულხლართების გავლების პროცესს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის შემთხვევებს; ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (ლუგარის ცენტრი) წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ, გახშირებულ შეტევებს. შეხვედრის დასასრულს,  ლაშა დარსალიამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა კრისტიან ურსეს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.