ლაშა დარსალიამ საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის ექსპერტთა მისიასთან გამართა შეხვედრა

2022 წლის 28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ,  შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის ექსპერტთა მისიასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხი, უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და ორმხრივი დიალოგის ფორმატები.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირის ინსტიტუციების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის აქტიურ ჩართულობაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საქართველოს მზადყოფნა, გააგრძელოს ჩართულობა ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში; ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ექსპერტული ცოდნის უფრო აქტიურად გაზიარება; ევროკავშირის დახმარების პროგრამების გაგრძელება, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში; ევროკავშირის სააგენტოებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სხვ.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობა უსაფრთხოების კუთხით და გამოიკვეთა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობები. მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა რეფორმებისათვის, ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებთან მაქსიმალურად დაახლოებისათვის და ხაზი გაუსვა  ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობას.

ორივე მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულება, რომლისთვის  მზადყოფნაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა.