ლაშა დარსალიამ უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში (ASRC) მიიღო მონაწილეობა

2020 წლის 23-25 ივნისს, საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ქ. ვენაში გამართულ უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში (ASRC). აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.

ქართულმა მხარემ განცხადებები გააკეთა ღონისძიების გახსნით ნაწილზე, ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე, უკრაინის თემისადმი მიძღვნილ სპეციალურ სამუშაო სესიაზე, ასევე ტრანსნაციონალური საფრთხეებისა და ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლისადმი მიძღვნილ სესიებზე.
კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. ქართულმა მხარემ ისაუბრა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რაც წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართალთან და ჰელსინკის პრინციპებთან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალურმა პანდემიამ არ უნდა დაჩრდილოს ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტები და რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობები. 
ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე ლაშა დარსალიამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მიმდინარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აქტიური მილიტარიზაცია, რაც დესტაბილიზაციის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ლაშა დარსალიამ ასევე ისაუბრა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბარიერების აღმართვის პროცესზე, რამაც 2008 წლის შემდეგ საომარი მოქმედებების განახლების საფრთხე შექმნა.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფის არაერთ ფაქტზე და აღინიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში კვლავაც უხეშად ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, გახშირებულია ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და მათაც, შესაძლოა, გაიზიარონ იმ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირთა ბედი, რომლებიც ელიან უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ამ ფონზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავაც არ ეძლევა ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. შესაბამისად, მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმებს მიეცეთ წვდომა აღნიშნულ რეგიონებზე, რათა მომავალში აღკვეთონ ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევები.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პროვოკაციები და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი კიდევ უფრო გააქტიურდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში. მანდ ასევე ისაუბრა გასული წლის ოქტომბერში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომაშტაბიან კიბერ-შეტევაზე. აქვე აღნიშნა, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის ეჭვქვეშ დაყენების მიზნით, რუსეთმა რიჩარდ ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყეს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მთავრობამ არაერთხელ გააკეთა განმარტება ლაბორატორიასთან დაკავშირებით და გამოთქვა მზადყოფნა, საერთაშორისო ჯგუფის ფარგლებში მიეღო რუსეთის წარმომადგენლები, თუმცა რუსეთმა უარი განცხადა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის კორონავირუსის გავრცელებას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი. მათ 14 სოფლის სიახლოვეს დაამონტაჟეს ე.წ. სასაზღვრო ნიშნები, მავთულხლართები და „ცეცხლსაწინააღმდეგო გამყოფი ხაზები“. ქართულმა მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ფედერაციამ ჩაკეტა საოკუპაციო ხაზი და ახალგორის რაიონიდან კიდევ უფრო შეზღუდა სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია, რამაც ფატალური შედეგები გამოიწვია. 

ლაშა დარსალიამ ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ყოველდღიური პროვოკაციებისა და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო ქმედებების საპასუხოდ, საქართველო კვლავაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია. ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირის შუამდგომლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამასთან, ითქვა, რომ საქართველომ არაერთხელ აიღო ძალის არგამოყენების ვალდებულება და რუსეთს მოუწოდა იგივეს გაკეთება. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ ჩართულობას ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხებზე გამოსავლის ძიებაში. ლაშა დარსალიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო, რომელსაც არ გააჩნია სტატუს-კვოს შეცვლის ინტერესი, ზემოხსენებულ საკითხებში არ შეიმჩნევა წინსვლა. აქვე ითქვა, რომ რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს მოლაპარაკებების ფორმატებს - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს.

თავის გამოსვლაში ქართულმა მხარემ ასევე ისაუბრა, შერიგებისა და ნდობის ამაღლებისკენ მიმართულ ძალისხმევებზე, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ლაშა დარსალამ დასძინა, რომ მთავრობა მზად არის, მოიძიოს გზები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და შესაბამისად, უფასო სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ, ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს მთავრობის მიერ კონტოლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილ COVID-19-ით დასნეულებულ პაციენტებს.
გამოსვლის დასასრულს, ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ  COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლამ არ უნდა გადაფაროს რუსეთის უკანონო ქმედებები - რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები და ევროკავშირის შუამდგომლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ხსენებული სეგმენტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა  მოუწოდეს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის უკანონო, აგრესიული ქმედებები.

კონფერენციის ფარგლებში უკრაინის საკითხზე მიძღვნილ სპეციალურ სამუშაო სესიაზე, ქართულმა მხარემ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს  შეიარაღებული ძალები, სამხედრო აღჭურვილობა და დაქირავებული მებრძოლები უკრაინის ტერიტორიიდან, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მინსკის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები და შეწყვიტოს უკანონო ქმედებები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი  და აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობას.

კონფერენციის ფარგლებში, შეიარაღებაზე კონტროლის და ტრანსნაციონალური საფრთხეების საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა ეუთო-ს სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციაზე. ხაზი გაესვა ევროპული უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის ღია ცის ხელშეკრულების მნიშვნელობას. აქვე ყურადღება გამახვილდა, რუსეთის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის ღია ცის ხელშეკრულების, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (CFE) შესახებ ხელშეკრულების სისტემატურ დარღვევებსა და პოლიტიზირების მცდელობებზე. გამოსვლისას აღინიშნა, რომ არსებული კონფლიქტები კვლავაც რჩება უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა კი, ხელს უშლის ეუთო-ს რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას.
 
კონფერენციის ფარგლებში, ადრეული გაფრთხილების, კონფლიქტის პრევენციის, კრიზისის მართვის კონფლიქტის გადაჭრისა და პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციის სესიის ფარგლებში, გაკეთდა საქართველოს, ლიეტუვის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, კანადის,  მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ერთობლივი განცხადება. განცხადებაში ხაზი გაესვა ეუთო-ს რეგიონში არსებული კონფლიქტების გადასაჭრელად, ეუთო-ს შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებას.