მიხეილ ჯანელიძის განცხადებით მთავრობის მიზანია შეასრულოს AA შეთანხმებაზე მეტი ვალდებულება ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზნის შესასრულებლად

21.12.2017 ქ. ქუთაისი - ​„ჩვენი მიზანია შევასრულოთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე მეტი, რათა დავაჩქაროთ და კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი გავხადოთ ჩვენს საბოლოო მიზნამდე სწრაფვა და ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ გავივლით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითზე გამართული რიგგარეშე პლენარული სხდომის ფარგლებში.

მინისტრის თანახმად, "მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია და ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება გულისხმობს დაახლოებით 70 %-მდე მიახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან,  საქართველოს მთავრობის მიზანს წარმოადგენს უფრო მეტი ვალდებულებების შესრულება ვიდრე ამას ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.  ამ მიზნით შემუშავდა  „საგზაო რუკა“, მოხდება დამატებით ე.წ. Legal Screening, ანუ სამართლებრივი ანალიზი თუ სად არის სხვაობები საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობას შორის და ამ ანალიზის შედეგად განისაზღვრება დამატებით განსახორციელებელი რეფორმების გეგმა." განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის კომპლექსური რეფორმების შემცველი და მათი განხორციელება  აქტიურად მიმდინარეობს 2014 წლიდან - პირველი ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებიდან (2014-2016 წწ). დღის წესრიგი  მოიცავდა როგორც კომპლექსურ რეფორმებს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, სექტორალური რეფორმების განხორციელების, საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით,  ასევე  ღრმა და ყოვლის მომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
 
მისი განცხადებით  ქართული მხარის მიზანია ასევე, რომ  მოხდეს ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოება ორგანიზაციაში არსებული ინსტიტუტები მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი სააგენტოებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ ამ მიმართულებით არსებულ კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა "აკრედიტაციის სააგენტომ უკვე მიიღო საერთაშორისო აღიარება, ევროპული აღიარება, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ეროვნული აკრედიტაციის სააგენტოს მიერ აღიარებული, გაცემული სერტიფიკატები და ინსტიტუტები და თავის მხრივ მათი გაცემული სერტიფიკატები  აღიარებული იქნება ევროპის მასშტაბით", ასვ ჯანელიძის თმით საქართველოს მიზანია, რომ მაქსიმალურად ეფექტურად  გამოიყენოს ევროკავშირის პროგრამები "დღეს ჩვენ გაწევრიანებული ვართ „Erasmus +“-ში, რაც განათლების კუთხით ძალიან დიდ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ახალგაზრდობისთვის, სტუდენტებისთვის და ასევე „Horizon 2020”,რომელიც ასევე დიდ შესაძლებლობებს ქმნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სექტორისთვის და ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტი ევროპული პროგრამა ავითვისოთ, რათა ევროპული ინტეგრაციის პროცესი არამხოლოდ პოლიტიკური პროცესი იყოს და არა პოლიტიკური შედეგის მატარებელი არამედ კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული შედეგი მოუტანოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს", განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანახმად, ქართული მხარე მიზნად ისახავს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ევროკავშირთან თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში პირველ დიალოგს რომელიც დღეს გაიმართა.  მიხეილ ჯანელიძემ ასევე   ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ინფრასტრუქტურული ინტეგრაციის მნიშვნელობას, რაც აუცილებელია საბოლოო მიზნის მისაღწევად "ამაში იგულისხმება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული ინტეგრაცია და ამის მაგალითი არის ისიც, რომ ჩვენ გავწევრიანდით ენერგეტიკულ გაერთიანებაში" - დასძინა მან.

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მდიდარ გამოცდილებაზე ევროპული ინტეგრაციის მართვის კუთხით. ამ მხრივ მან აღნიშნა ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებული კოორდინაცია, და მათ შორის 2017-2020 წლების  ასოცირების ამბიციური დღის წესრიგი. "გასულ წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შემუშავდა ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის.  პირველად მოხდა, როდესაც  დღის წესრიგის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩავრთეთ სამოქალაქო საზოგადოება და გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციებისა და შენიშვნების დაახლოებით 70 %-ზე მეტი,  რის შედეგადაც მივიღეთ ნამდვილად ძალიან კომპლექსური დოკუმენტი"- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თმით ქვეყნის  ევროინტეგრაციის პროცესი განხორციელდება მაქსიმალური ჩართულობითა და კოორდინაციით, უშუალოდ პრემიერ მინისტრის მეთვალყურეობით, რომელიც ხელმძღვანელობს ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიას". მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროცესში პარლამენტის როლის მნიშვნელობას, რადგანაც სწორედ პარლამენტის ხელში გაივლის  ყველა საკანონმდებლო ცვლილება და შესაბამისად გამოთქვა  დეპუტატების მხრიდან ჩართულობისა და მხარდაჭერის იმედი.