მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე მთავრობის რეაგირების შესახებ ოპოზიციამ პარლამენტში მცდარი ინფორმაცია გაავრცელა

21.20.2017 - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე მთავრობის რეაგირების შესახებ კრიტიკას გამოეხმაურა და ოპოზიცია პოპულისტურ განცხადებებსა და საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო გააკრიტიკა.

მინისტრმა ჟურნალისტებს გააცნო ის საერთაშორისო რეაგირება და გამოხმაურებები, რაც ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს და ამასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს მოჰყვა პარტნიორი სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
„ეს იყო პოპულისტური განცხადება გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ყველა ჩვენთაგანისთვის უმძიმესი ფაქტი და ძალიან დიდი ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, თითოეული მათგანი ძალიან კარგად არიან  ინფორმირებულნი, ან უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თუ რა კეთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ასევე მთავრობის მხრიდან ამ საქმის ირგვლივ, მიუხედავად ამისა, ისინი დაკავდნენ პოპულისტური განცხადებებით.  საუბრობდნენ, რომ საკითხზე უნდა მოვახდინოთ კომუნიკაცია ევროპარლამენტთან, მაშინ როცა ეს ორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის ამ საკითხთან. მე დღეს თან მაქვს ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რეზოლუცია და განცხადება, რომელიც გაკეთებულია ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, ჩვენი პარტნიორების, ევროპის საბჭოს და სხვათა მიერ.  ეს არის არა მხოლოდ განცხადებები, არამედ გადაწყვეტილებები, სადაც ხაზგასმით არის დაგმობილი როგორც თვითონ მკვლელობის ფაქტი, ასევე დაგმობილია ის რეაქცია და რეაგირება რაც საოკუპაციო რეჟიმს ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით.  ამიტომ მათ ვთხოვთ, რომ კარგად გაერკვნენ რას ნიშნავს რეაგირება საერთაშორისო ფორმატებში, რომელ ფორმატებში უნდა მოხდეს საკითხზე რეაგირება და სად არის ამის ადგილი“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენებზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არასათანადო რეაგირებაში დაადანაშაულა.

2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურჩაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზზე განლაგებული  ე.წ. "მესაზღვრის" მიერ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას ტრაგიკული მკვლელობის შემდეგ, ქართული მხარე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, ორმხრივ თუ მრავალმხრივ დონეზე მუდმივად აყენებდა მისი მკვლელის დასჯის აუცილებლობის საკითხს.

აღნიშნული საკითხი იდგა 36-ე რაუნდიდან მოყოლებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა რაუნდზე. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.

ქართული მხარის მიერ განცხადებები კეთდებოდა როგორც ეუთოში (2016-2017 წლებში გაკეთდა 6 განცხადება), ასევე ევროპის საბჭოში (4 განცხადება) და გაეროში - გენერალურ ასამბლეაზე (2016 წლის 7 ივნისი) და ადამიანის უფლებათა საბჭოში (2016 წლის 13 ივნისი, 2017 წლის 27 სექტემბერი).

ქართული მხარის აქტიური ძალისხმევით საკითხი მუდმივად დგას საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. უამრავი განცხადება გაკეთდა ჟენევის თანათავმჯდომარეების, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს და აშშ-ის მიერ, ასევე საკითხი აისახა არაერთ ანგარიშში, რეზოლუციასა თუ განცხადებაში.