მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებთან

8.05.2018 ქ.თბილისი - ვიცე-პრემიერმა, საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებთან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან: ანა ფოტიგასთან, კლერ მუდისთან, მიშელ გალერთან და იოზონ რადოშთან,  რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ევროპარლამენტთან საქართველოს მჭიდრო და წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრმა  მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ არაერთ რეზოლუციასა და მხარდამჭერ განცხადებაში.

ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრების მიერ აღინიშნა, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ ქვეყნისადმი მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირების მიზნით.
 
შეხვედრაზე  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლზე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.  აღინიშნა, რომ 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის თავზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასთან ერთად რუსეთის მხრიდან კვლავ გრძელდება აგრესიული ქმედებები. ხაზი გაესვა იმ მძიმე შედეგებს, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას მოაქვს. მხარეებმა დაგმეს თებერვალში, ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის უკანონოდ დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.
 
ევროპარლამენტარებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის", რაც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ევროინტეგრაციით გახსნილი შესაძლებლობებით სარგებლობის საშუალებას და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას, ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით  და აღნიშნეს  რომ საქართველო გატარებული რეფორმებით ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა  ევროპარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია  ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შესახებ, რომლის კონცეფციაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ დღეს დაამტკიცა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა უზრუნველყოფს მეტ ინტეგრაციას და ფიზიკურ და ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან.