მიხეილ ჯანლიძემ მონაწილეობა მიიღო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში

1.12.2017 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანლიძემ სიტყვით მიმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების მონაწილეებს.
მინისტრმა ორგანიზაციას მიულოცა საიუბილე თარიღი და ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რაც გაერთიანებას შეაქვს საქართველო-გერმანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაში.
გერმანიასთან ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებული შეფასება მისცა გერმანიის წვლილს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„ევროპასთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოვებაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას და მის მთავრობას, რომელიც წლებია, მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გვიწევს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური აღმშენებლობის პროცესში.
დღევანდელი საქართველო, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ცენტრი, ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს გერმანულ ბიზნესს, თავისი სატრანზიტო ფუნქციით,
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით ევროპასთან, მეზობელ ქვეყნებთან, ჩინეთთან, ასევე უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ბევრი სხვა მიმართულებით. გერმანული კაპიტალით წარმატებით საქმიანობენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა „ჰაიდელბერგ-ცემენტი“, „პროკრედიტ ბანკი“, „კაპაროლი“, „კნაუფი“, „ჰენკელი“, „ჰიპი“, „ალვარო/ბერტელსმანი“ თუ სხვები. მათი საქმიანობა წლიდან წლამდე ფართოვდება“- განაცხადა ჯანელიძემ.  
მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო  გაიზრდის გერმანიის ინტერესს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ.
მინისტრმა ისაუბრა ხალხთაშორისი კონტაქტების შთამბეჭდავ ხასიათზე, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ტურისტების მზარდი ნაკადი, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები.
მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველო-გერმანიის წლის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ განსაკუთრებით აღნიშნა 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა.