მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

30 დეკემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022“ ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

ცერემონიას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წლევანდელ ღონისძიებაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში: ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი; მეცნიერებაში შეტანილი წვლილი; სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილი; ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი; წლის წარმატებული სპორტსმენი; საქართველოს უცხოელი მეგობარი; სპეციალური პრიზი. 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნომინაცია „საქართველოს უცხოელი მეგობარი“, რომელშიც ირლანდიისა და იაპონიის წარმომადგენლებმა - კინგლსი თომას აიკინსმა და ტაკიჰიდე ჰარადამ გაიმარჯვეს. უცხოელმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მათთვის საქართველოსა და ქართული კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანია გამოავლინოს და წარმოაჩინოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიაღწიეს პროფესიულ წარმატებას და ამასთან, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციაში.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის კამერეტა, მგალობელთა გუნდი „ჯორჯიან ფოლკსი“, ქართული ხალხური სიმღერის  ანსამბლები - „საქართველო“ (ნიდერლანდების სამეფო),  „თამარიონნი“ (პარიზი), „კავკასია“ (ათენი), ბავშვთა ანსამბლი „ვაზი“ (ბარსელონა), „ჩვენ დავბრუნდებით“ (ანტვერპენი) და ფოლკლორული საბავშვო ანსამბლი „პატრიარქის ნათლულები“.

გამარჯვებულ ნომინანტებს გადაეცემათ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის - ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, მოოქროვილი ფირფიტის ასლი.


MFA04122-jpg-tt.jpg MFA04127-jpg-tt.jpg MFA04316-jpg-tt.jpg MFA04431-jpg-tt.jpg MFA04605-jpg-tt.jpg MFA04665-jpg-tt.jpg MFA04750-jpg-tt.jpg MFA04274-jpg-tt.jpg MFA04180-jpg-tt.jpg MFA04130-jpg-tt.jpg MFA04138-jpg-tt.jpg MFA04788-jpg-tt.jpg  MFA04527-jpg-tt.jpg MFA04758-jpg-tt.jpg MFA04520-jpg-tt-(1).jpg