„პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობის პროფესიონალიზმი და უცხოელი დიპლომატების მიმართ გულითადი დამოკიდებულება სამაგალითოა - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი

წმინდა საყდრის ნუნციომ, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სამადლობელი წერილი გამოუგზავნა. 


„საქართველოში აკრედირებული დიპლომატიური კორპუსი უაღრესად აფასებს იმ მუდმივ და  შეუნელებელ ინტერესს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, და კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო,  ჩვენი კეთილდღეობისა  და საჭიროებების მიმართ კრიზისის ყველაზე მძიმე წუთებში იჩენდა“ - ნათქვამია წერილში.


როგორც საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყურადღებიანი დამოკიდებულება და მუდმივი კონტაქტი დიპლომატებს ძალას მატებდა და კრიზისის დაძლევის იმედით აღავსებდა. 


„საქართველოს ხელმძღვანელი პირებისა და  ბევრი მოხელის შრომისმოყვარეობა, მოთმინება და მეგობრული დამოკიდებულება სამაგალითოა და ყოველთვის დასაფასებელი“ - აღნიშნულია წერილში.

წერილის ბოლოს, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური იმედს გამოთქვამს,  რომ ის მალე პირადად შეხვდება და მადლობას გადაუხდის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მთავრობის პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ხელმძღვანელობისთვის მადლიერების გამოხატვა სიტყვებით შეუძლებელია“.

გთხოვთ იხილოთ წერილი