ქ. ვენაში ეუთო-ს უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

28.06.2018 ქ.ვენა -2018 წლის 26-28 ივნისს, ქ. ვენაში გაიმართა ეუთო-ს უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენცია (ASRC), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ.
 
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და  ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე. ქართულმა მხარემ კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის შესახებ.  ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე, კერძოდ ისაუბრა ა. ტატუნაშვილი, გ. ოთხოზორიასა და  დ. ბაშარულის ტრაგიკულ მკვლელობებზე. აღინიშნა, რომ არსებული რთული ვითარების პირობებში, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს საოკუპაციო ძალა არ აძლევს ადგილზე მონიტორინგის განხორციელების საშუალებას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ რთულ მდგომარეობას. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის განხილვისას, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები. დელეგაციების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად იქნა დაგმობილი რუსეთის უკანონო, აგრესიული ქმედებები.
 
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა უკრაინის თემისადმი მიძღვნილ სპეციალურ სამუშაო სესიაზე, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ, არის მიუღებელი და ძირს უთხრის ეუთო-ს რეგიონის სტაბილურობას და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.
 
კონფერენციის  ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის მიერ განცხადებები გაკეთდა ასევე შეიარაღებაზე კონტროლის და ტრანსნაციონალური საფრთხეების საკითხებზე მიძღვნილ სესიებზე. ქართულმა მხარემ ისაუბრა ეუთო-ს სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ არსებული კონფლიქტები კვლავაც რჩება უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა კი ხელს უშლის ეუთო-ს რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას.