საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწეს შეხვდა

17. 07. 2018  ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს, ბროკ ბირმანს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს USAID-ის მიერ წლების მანძილზე დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, ეკონომიკური განვითარებისა და განათლების ხელშეწყობის საქმეში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის.

ბროკ ბირმანმა, თავის მხრივ,  ხაზი გაუსვა  ქ. თბილისში 17-19 ივლისს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში ორგანიზებული გლობალური სამიტის მნიშვნელობას და აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ქვეყნის მართვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით მიაღწია.

შეხვედრაზე, USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწემ ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ეკონომიკის მიმართულებით. ამ მხრივ, აღინიშნა, USAID-ის მზაობა, მხარი დაუჭიროს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ირგვლივ დისკუსიების ინტენსიფიკაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის გეგმებისა და რეფორმების, მათ შორის, მცირე მთავრობის კონცეფციის შესახებ. ამ მხრივ, ხაზი გაესვა USAID-ის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე.

დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობასა და საქართველოს ახალი ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო გეგმებზე.