საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ესტონეთის ელჩთან

2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კაი კაარელსონთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთობების გამყარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. საუბარი შეეხო, ელჩის მოღვაწეობის პერიოდში, საქართველოსა და ესტონეთში განხორციელებულ არაერთ მაღალი დონის ვიზიტსა და ღონისძიებას, ესტონეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს. მინისტრმა სიამოვნებით აღნიშნა, ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და პირადად ელჩის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის მიერ აღმოჩენილი პრაქტიკული დახმარება. განსაკუთრებით აღინიშნა, ესტონეთის, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს არა მუდმივი წევრის აქტიური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

კაი კაარელსონმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. აღნიშნა, რომ საქართველოს მისთვის ყოველთვის ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო, საქართველოში და ესტონეთში COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას. მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის გადაწყვეტილებას,  საზღვრების ურთიერთგახსნის თაობაზე.
 
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.