საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე, რომელმაც განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში იწყებს საგრანტო პროექტს, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის ადგილზე ქმედითი დახმარების გაწევა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.

პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი  ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. საგრანტო განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: grantebi@mfa.gov.ge

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულები COVID-19 პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნებისა და დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მათთვის ადგილზე დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობის  24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები.

სახელმწიფო საგრანტო პროგრამას - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს: ტელ.: (+995 32) 2945000 (შიდა - 3108), მობ.: +995 551 080 060.

განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:

  • დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება (იხ. დანართი N 2);
  • ფოტოსურათი;
  • CV ქართულ ენაზე;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინადრობის/ცხოვრების ნებართვა, ნებისმიერი კატეგორიის ვიზა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედების ვადით);
  • ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა (იხ. დანართი 3).

 საგრანტო წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაციას თუ როგორ, რა მეთოდებით და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
  • გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
  • დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს;
  • შესრულების ვადას;
  • მოსალოდნელ შედეგს.

დანართი N1 – პროგრამის შესახებ;
დანართი N2 - საგრანტო განაცხადის ფორმა;
დანართი N3 - ხარჯთაღრცხვის ფორმა;