საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

დღეს, 28 მარტს, სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია. ქვეყანა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის ერთიან ოჯახს.  ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და მისი წევრი-ქვეყნების მხრიდან მოხდა საქართველოს, როგორც სანდო  და ღირსეული პარტნიორის აღიარება და დადასტურდა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი.
 
სამი წლის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა და მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.
 
სამწუხაროდ, დღეს, კოვიდ-19 ის გლობალური საფრთხის გამო, თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდულია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ სოლიდარობით და საერთო ძალისხმევით დავამარცხებთ ამ გამოწვევას, რის შემდეგაც კვლავ გავაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრით სარგებლობას.