საგარეო საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა არასამათავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მინისტრის  პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. კვლევა წარადგინა „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის“ კოორდინატორმა, ლაშა ტუღუშმა და იგი მომზადდა „ლიბერალური აკადემია თბილისის“ (EI-LAT) მიერ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA-Georgia) მჭიდრო თანამშრომლობით. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობას, რასაც 2015 წელს მთავრობასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმას” შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის წარმატებული განხორციელებაც ადასტურებს. სამინისტროს ორგანიზებით რეგულარულად იმართება დიალოგი არასამთავრობო სექტორთან, ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე სექტორულ საკითხებზე.

კვლევის პრეზენტაციისას, რომელიც ქვეყნის რეგიონებში (სამეგრელო, აჭარა) და დედაქალაქში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მოსახლეობის ლიბერალური განწყობების გაზომვას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ნდობას სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/გაერთიანებების მიმართ.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, როგორც მიმდინარე რეფორმების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.