საგარეო საქმეთა სამინისტროში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ პრეზენტაცია გაიმართა

1.08.2018 . თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სამთავრობო უწყებებისთვის გაიმართა საქართველოში იაპონიის საელჩოს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზენტაცია იაპონიის განვითარების დახმარების (ODA) 2019 წლის გეგმის შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ და საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მუდმივმა წარმომადგენელმა,  იუკიჰიკო ეჯირიმ, ასევე საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა.

პრეზენტაციისას საუბარი შეეხო იაპონიის მთავრობის პრიორიტეტებს 2019 ფისკალური წლის განმავლობაში საქართველოსთვის გამოყოფილი განვითარების დახმარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურული პროექტების, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობის და გამოცდილების გაზიარების კუთხით პროექტების წარმოდგენის მნიშვნელობას.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს და იაპონიის განვითარების სააგენტოს საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა  საქართველო-იაპონიის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობები.

საქართველოს მთავრობა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობენ. აღსანიშნავია, JICA-ს მონაწილეობა ტექნიკური თანამშრომლობის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებში.