საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 15 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, თავმჯდომარეები ტრადიციული ვიზიტით ეწვიენ საქართველოს, რათა ადგილზე ენახათ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა.   

საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო და დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენდა. ლაშა დარსალიამ შეშფოთება გამოხატა ბოლო დღეებში სოფელ ხურვალეთის, ასევე ატოცისა და ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო და აღნიშნა, რომ ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ. მინისტრის მოადგილემ მწვავედ დასვა ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების შემთხვევები და მოითხოვა ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილის, გენადი ბესტაევის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ მშვიდობიანი ადგილობრივი მაცხოვრებლის დაჭრა წარმოადგენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების უხეში დარღვევის მორიგ მაგალითს რუსეთის მხრიდან.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და ერთხმად აღინიშნა ადგილობრივი მაცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობა. შეშფოთება გამოითქვა სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვის ფაქტებზე, რაც ხშირად ადგილობრივი მოსახლეობის გარდაცვალების შემთხვევით მთავრდება. საუბარი შეეხო ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხებს.

საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ დააყენა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი. შეშფოთება გამოითქვა, რომ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების წამებისა და მკვლელობის შემთხვევებს რამდენიმე კვირის წინ ინალ ჯაბიევის მკვლელობაც დაემატა.

ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე თანათავმჯდომარეებმა და საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩვეულ რეჟიმში ჩატარების მნიშვნელობაზე. აქცენტი გაკეთდა ასევე გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, აღდგენის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა პროგრესის მიღწევის საჭიროება მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა 6-7 ოქტომბერს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.