საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-2 თემატური ჯგუფის სხდომა გაიმართა


24 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-2 თემატური ჯგუფის - „სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობა; ტურიზმი; კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკა“ რიგით მე-5 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო სტრატეგიისა და ინსტრუმენტების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ბეატრის სალვადორ გარსია. 

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროგრესის შეფასებას ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით.

ევროპული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ხოლო ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს,  საქართველოს პარლამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, წიაღის ეროვნული სააგენტოსა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები. 

სხდომაზე, ევროპული მხრიდან დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროინტეგრაციის მიმართულებით და ხაზი გაესვა მნიშვნელოვან პროგრესს ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით. 

განხილულ იქნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირთან, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების პროცესი. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველო სრულად შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საგადასახადო პოლიტიკა და ასევე  ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები. 

ევროკავშირის წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევას კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით და აღნიშნეს რომ საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითს პანდემიის შეკავების და მასთან ბრძოლის მიმართულებით.