საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-11 სხდომა

2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-11 სხდომაში. სხდომაში, რომელსაც უძღვებოდნენ PAC-ის თანათავმჯდომარეები: ქართული მხრიდან საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტის მხრიდან ევროპარლამენტის წევრი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი,  მარინა კალიურანდი, ასევე მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის გახსნით ნაწილში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში 2022 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და ასოცირების შეთანხმების შესრულების მიზნით გატარებული რეფორმები. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რამაც საქართველოს ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ. ამ კუთხით, მინისტრის მოადგილემ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე მზაობა ქვეყნის ევროპული დღის წესრიგისა და დასახული პრიორიტეტების, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებისადმი.
მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკვანძო სფეროებში არსებული პროგრესი, რასაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მაღალი ხარისხი განსაზღვრავს. თეიმურაზ ჯანჯალიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრულ სფეროებში დაკავშირებადობის განვითარების პრიორიტეტულობას და შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის სრულად იქნას გამოყენებული საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, გაიზარდოს ევროპის ენერგოუსაფრთხოება და მოხდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერება.

სხდომაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის გააქტიურებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ევროპარლამენტართა მხრიდან კიდევ ერთხელ ცალსახად დაფიქსირდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად უსაფრთხოების კუთხით, რასაც ადასტურებს ქვეყნის ჩართულობა ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. მან ასევე მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უაღრესად მძიმე ვითარება, რუსეთის ფედერაციის უკანონო და პროვოკაციული ქმედებები, ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტური ფუნქციონირების აუცილებლობაზე, რომელიც მთავარი ფორმატია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თემაზე. ხაზი გაესვა ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მნიშვნელობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას, მისიის მანდატის შესაბამისად.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა ამ პროცესში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილისთვის.