„საქართველო ნატოს დღის წესრიგში უაღრესად წინა პოზიციებზეა“ - დავით ზალკალიანი

6.07.2018, თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ,  ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან  ბრიუსელში ნატოს მოახლოებული სამიტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტროსთან და ნატოელ პარტნიორებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს  იმისათვის, რომ ნატოს სამიტთან მიმართებაში არსებული მოლოდინები რეალობად აქციოს.
 
დავით ზალკალიანის თქმით, ნატოს სამიტის ფარგლებში პირველად, საქართველო სახელმწიფო მეთაურების დონეზე დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით  გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ „ ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ ნატო უკრაინასა და საქართველოს  სწორედ  რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში აღიქვამს, ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო  ნატოს დღის წესრიგში უაღრესად წინა პოზიციებზეა“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამ შეხვედრაზე ელოდება თავდაცვის სფეროში,  ასევე პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით გატარებული რეფორმებისა და, რაც მთავარია,  იმ პროგრესის შეფასებას, რომელსაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. „ ეს პროგრესი  არის ის რეალობა, რაც  ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან სათანადოდ უნდა შეფასდეს“  - განაცხადა ზალკალიანმა.  
 
ნატოს სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას,  საგარეო საქმეთა მინისტრმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით,შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნატოს  ყურადღების ცენტრშია.
 
„გვაქვს მოლოდინი, რომ ის წინადადებები რომლებიც ბოლო პერიოდში განიხილებოდა ნატოელ პარტნიორებთან ერთად, პრაქტიკულ განზომილებაში ითარგმნება, და  ეს სამიტი იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგარციის გზაზე“ - დასძინა დავით ზალკალიანმა.