საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერ-შეტევაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში იმსჯელეს

2020 წლის 26 და 27 თებერვალს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში,  გასული წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერ-შეტევაზე იმსჯელეს.
 
ორივე სხდომაზე ქართული მხარის მიერ დელეგაციებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებისა  და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერ-შეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.
 
ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ კიბერ-შეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და  სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა  ორგანიზაციების  ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
 
ქართული მხარის განცხადებებით კიბერ-შეტევა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას. საქართველოს დელეგაციის განცხადებით, აღნიშნული კიბერ-თავდასხმა წარმოადგენს საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.
 
ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიის, ლიეტუვას და უკრაინის დელეგაციებმა, რომელთაც ერთხმად დაგმეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-შეტევა.