საქართველოსა და კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2023 წლის 18 იანვარს, თბილისში, საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, გაიმართა მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო კვიპროსის დელეგაციას - საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი მდივანი, კორნელიოს კორნელიოუ.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა, საქართველო-კვიპროსის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები.
მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ურთიერთობების მზარდ ტენდენციას და ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს და კვიპროსს შორის ვიზიტების ურთიერთგაცვლას და ამ თვალსაზრისით არსებულ ბოლოდროინდელ დინამიკას. გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს მუშაობა, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე კავშირების განმტკიცების და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით. დაფიქსირდა საქართველოს და კვიპროსს შორის, ეკონომიკის სფეროში არსებული პოტენციალის უკეთ ათვისების მზაობა. ამ კუთხით, გამოიყო ტურიზმის, ენერგეტიკის, კერძოდ განახლებადი ენერგიის მიმართულება, საზღვაო სექტორების აქტუალობა და მზარდი შესაძლებლობები.

აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა კულტურის სფეროში და მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში.

კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. საქართველოს ევროპული პერსპექტივის კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებზე და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმული ნაბიჯებზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, კვიპროსის მხარდაჭერის მაღალ მნიშვნელობას და კვიპროსული გამოცდილების გაზიარების საჭიროებას.

კვიპროსის დელეგაციას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის  და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების ერთგულება, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპების მიმართ.

კონსულტაციების მსვლელობისას, განხილულ იქნა, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გამოწვევები. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი, სამხედრო აგრესიის ფონზე, ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი და კონსოლიდირებული პოზიციის უკიდურესად მაღალ მნიშვნელობას.  

მხარეები შეთანხმდნენ, პოლიტიკურ კონსულტაციებზე განხილული საკითხების ირგვლივ აქტიურ თანამშრომლობის გაგრძელების და ხსენებულ ფორმატში შეხვედრების რეგულარულ რეჟიმში გამართვის თაობაზე.