საქართველოს და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეორე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2022 წლის 21 სექტემბერს, ქ. დუშანბეში გაიმართა საქართველოს და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეორე პოლიტიკური კონსულტაციები, მინისტრის მოადგილეების დონეზე.

ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ტაჯიკეთის - მინისტრის მოადგილე, სოდიკ იმომი. 

კონსულტაციებისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და რეფორმების გატარების მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების სფეროებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.
დეტალურად განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებები. აღინიშნა სხვადასხვა სფეროს ორმხირივი ბიზნესდელეგაციების ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თავის კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა ყველა დონეზე და ამ მიზნით დასახეს შემდგომი ნაბიჯები. 

ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრები ტაჯიკეთის რესპუბლიკის მაჯლისი ოლიში (ქვედა პალატა), საქართველო-ტაჯიკეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ტაჯიკეთის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარესთან, აბდუხალიმ გაფოროვთან და ტაჯიკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, ჯამშედ ჯუმახონზოდასთან.