საქართველოს ელჩი ბაქოში ნახიჩევანის ა/რ-ის წარმომადგენელს შეხვდა

3.02.2020 აზერბაიჯანი - საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა ქ. ბაქოში ნახიჩევანის ა/რ-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ბახტიარ ასკეროთან. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებს, აგრეთვე ორი მეზობელი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

ზურაბ პატარაძემ კმაყოფილებით აღნიშნა მისი სამუშაო ვიზიტის შესახებ ნახიჩევანის ა/რ-ში 2019 წლის 24-25 სექტემბერს, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები ნახიჩევანის ა/რ-ის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ ტალიბოვთან, ქ. ნახიჩევანის მერთან, ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორთან. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს „სავაჭრო სახლების“ გახსნის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანში, კერძოდ დაძმობილებულ რეგიონებში - აჭარისა და ნახიჩევანის ა/რ-ებში.