საქართველოს ელჩი ესპანეთის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ახლადდანიშნულ თავმჯდომარეს შეხვდა

9.03.2020 ესპანეთი- ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია გიორგაძემ შეხვედრა გამართა ესპანეთის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან,  ანტონიო ლიმონეს გუტიერესთან.
 
მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ განზომილებებში. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ესპანეთის სენატს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, მაღალი დონის ვიზიტებისა და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას.
 
შეხვედრაზე ელჩმა, ესპანურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში 2020 წლის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, მის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს შესახებ.
 
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ასევე, რუსეთის მიერ აღნიშნული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ადგილზე ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და რუსიფიკაციის პროცესს.
 
ესპანურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.