საქართველოს ელჩი ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

19.02.2020 ესტონეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, არვო ალლერთან.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ დინამიურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. განხილულ იქნა ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო ესტონეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენის ხელშეწყობის, ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზებს.
გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. განხილულ იქნა ამ მიმართულებით ესტონეთთან შესაძლო თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები.
ესტონურმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს საქართველოსთან თანამშრომლობა და შესაბამისი მხარდაჭერა.